შალვა პაპუაშვილის ღია წერილს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში - ოპოზიციონერი დეპუტატები, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, განცხადების შინაარსს არ იზიარებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ღიად არასწორი ინფორმაციის გავრცელება უხერხულია.
"უხერხულია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასე ღიად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი, შეერთებული შტატები, ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ხავიერ კოლომინა ამბობს ღიად, რომ უკვე წელიწადნახევარია, დემოკრატიული რეფორმები არის შეჩერებული საქართველოში და მოუწოდებს საქართველოს, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის საჭირო, ნატო-ში წევრობისთვისაც მნიშვნელოვანია და ამ ფონზე თითის გაშვერა ნატო-სკენ, ეს ქმნის იმ სამწუხარო რეალობას, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი არ ექნება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოებაში უიმედობას ნერგავს.
""ქართული ოცნება" ისევ ნიჰილიზმს და უიმედობას ნერგავს საზოგადოებაში, რომ რაც არ უნდა გააკეთოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, მაინც შუშის კარი გადაიღობება წინ. თან გეუბნებიან, რომ ნატო-ში რომ მიდიხარ, რუსეთი ღიზიანდება, თან გეუბნებიან - ნატო-ში არავინ არ მიგიღებს, თუ არავინ არ მიგიღებს რუსეთი რატომ ღიზიანდება, უბრალოდ ასეთი მავნებლობა არის, ჩვეულებრივი. ამ სამიტზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი კიდევ ერთხელ დადასტურდება. თუ გინდათ შევთანხმდეთ, აქვე გეუბნებით, იქნება საუბარი, რომ ამისთვის საჭიროა საქართველომ განახორციელოს დემოკრატიული რეფორმა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ღია წერილში აღნიშნა, რომ NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.