ერთი დღე ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ალიანსის ლიდერების შეკრებამდე - მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, პოლიტიკოსები შეფასებებს აკეთებენ.
ცნობისთვის, სპიკერმა ისაუბრა იმ არგუმენტებზე, რომლის მიხედვით საქართველო იმსახურებს ალიანსში გაწევრიანებას. შალვა პაპუაშვილის აზრით, ყველა სკეპტიკოსის არგუმენტი დღეს უკვე გაბათილებულია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ იმისთვის, რათა საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწიოს, მნიშვნელოვანია ქვეყანა და მისი ხელისუფლება ორი მიმართულებით მუშაობდეს: დემოკრატიული რეფორმები და პოლიტიკური ნება.
"იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, აუცილებელია ორი მთავარი საკითხი, ორი მიმართულებით უნდა მუშაობდეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება. ეს არის - დემოკრატიული რეფორმები და პოლიტიკური სურვილი და ნება.
ამ ხელისუფლებისგან, გასაგებია, ჩვენ არანაირი იმედი და მოლოდინი არ გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნეს მიღებული ძალიან მკაფიო კონკრეტული გადაწყვეტილებები ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც "რუსული ოცნება" შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს იმისთვის, რომ ნატო-ს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ," - აცხადებს ენმ-ის გენმდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე არც პრემიერ-მინისტრი და არც პრეზიდენტი მიწვეულნი არ არიან, ხოლო რეფორმების განხორციელების შეჩერება, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას აფერხებს.
"ნატო თვითონ ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეაჩერა იმ კრიტიკული აუცილებელი რეფორმების განხორციელება, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატო-ში. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის მიწვეული, პრეზიდენტი არ არის მიწვეული და ამავე დროს ნატო-სგან ვისმენთ, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც აფერხებს საქართველოს უფრო დაჩქარებულ სვლას წინ ნატო-სკენ," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.