ვილნიუსში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება - შეხვედრებს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ამ წუთებში, ნატოს სახალხო ფორუმი მიმდინარეობს, სამიტი ოფიციალურად მოგვიანებით გაიხსნება. ძირითადი საკითხი, რასაც ალიანსის ლიდერები განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.
უკვე ფორუმის ფარგლებშიც აღინიშნა, რომ კომუნიკეში მკაფიოდ გაიწერება უკრაინის მხარდასაჭერი გზავნილები, რათა უფრო თავსებადი იყოს უკრაინის და ნატოს ჯარი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე საათში იქნება მიღებული და იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს გახდეს ნატოს წევრი.
"ეს სამიტი უკვე ისტორიული იყო, სანამ დაიწყებოდა, რადგან ახლა შვედეთი გახდება ამ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. ეს კარგია შვედეთისთვის, თურქეთისთვის და მთელი ნატოსთვის. ასევე, კარგია ბალტიის რეგიონისთვის. პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ პირობა დადო, რომ რატიფიკაციის დოკუმენტებს რაც შეიძლება მალე წარუდგენს დიდ ეროვნულ ასამბლეას.
სამიტზე, ჩვენი მიზანია, უკრაინის მხარდაჭერა. რეალურად, ომი დაიწყო 2014 წელს უკრაინაში, ახლა კი სრულმასშტაბიანი ფორმა შეიძინა. დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერ და ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომ უკრაინა შეძლებს გახდეს ნატოს წევრი. უკრაინამ დიდი გზა გაიარა, დრო მოვიდა, რომ ეს ნატოს გადაწყვეტილებებში აისახოს.
უნდა მოვახდინოთ უკრაინის არმიის სტანდარტების ჩვენს სტანდარტებთან დაახლოება. ყველა ქვეყანას და მათ შორის, ამერიკას, უზარმაზარი ნება და სურვილი აქვს უკრაინის მხარდაჭერის. მთავარი გზავნილი არის, რომ იდგნენ უკრაინის გვერდით.
ხალხი იზიარებს, რომ პუტინი თუ მოიგებს, ეს უკრაინის მარცხი კი არა, ყველასთვის საშიშროება იქნება. უკრაინის მიმართ რამდენიმე საათში გვექნება გზავნილი და მჯერა, რომ ის იქნება დადებითი, ჩვენ დავწერთ ამას საბოლოდ კომუნიკეში," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.