რიგით მეორე მცდელობა - პარლამენტში თავდაცვის კოდექსის პაკეტის განხილვა დღეს გაგრძელდება. რიგგარეშე სესია ამ წუთებში იწყება. შედგება თუ არა ამჯერად კვორუმი, მოგვიანებით გაირკვევა.
წინა რიგგარეშე სხდომა სადაც კოდექსში შესატანი ცვლილებები უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სესიის გახსნას 11 ხმა დააკლდა, მიზეზი ოპოზიციის ბოიკოტი გახდა.
ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
"თავდაცვის კოდექსი არ მოგვწონს - დისკრიმინაციულია, არათანაბარ მდგომარეობაში არიან ადამიანები. მოქალაქე, რომელსაც უნდა სწავლა და მოქალაქე, რომელიც მუშაობს, ამ ადამიანებზე ვრცელდება კოდექსი, მაგრამ საჯარო მოხელეზე კოდექსი არ გავრცელდება. პრეზიდენტი ხომ არის მთავარსარდალი, პარტიების კუთვნილების მიუხედავად. უმაღლეს მთავარსარდალს ღარიბაშვილის თანხმობის გარეშე არ შეუძლია თავდაცვის საბჭოს მოწვევა. ასეთი სისულელე ვინმეს შეუძლია მოუვიდეს თავში აზრად?! - ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო, ამ და სხვა მოტივებით, ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს თავდაცვის კოდექსს," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ მათი გუნდისთვის მიუღებელია, რომ ფაქტობრივად დაჩქარებულად ხდება ასეთი კანონპროექტის მიღება. მისი თქმით, იურიდიული თვალსაზრისით, ეს დიდი პრობლემაა. როგორც ანა ბუჩუკური ამბობს, "წახალისების ნაცვლად რეპრესიული მეთოდი შემოაქვთ, როცა იძულებულს ხდიან ახალგაზრდებს ემსახურონ ჯარს და არაა პირიქით."