15 ნოემბერი 2024,   14:17
ვრცლად
პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, მას ნაკლები ნატო სურდა, თუმცა იძენს ნატო-ს უფრო მეტ სამხედრო წარმომადგენლობას - სტოლტენბერგი

ნატოს ვილნიუსის სამიტი ოფიციალურად სულ ცოტახნის წინ გაიხსნა - ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეკრება ლიდერების დონეზე იმართება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინა და მისი მხარდაჭერაა. სამიტის ოფიციალურ გახსნას წინ უძღოდა ნატოს გენერალური მდივნის და შტატების პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან პუტინს ნაკლები ნატო სურდა, თუმცა იძენს ნატო-ს უფრო მეტ სამხედრო წარმომადგენლობას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ფინეთის და შვედეთის სახით.

"პრეზიდენტ პუტინს ნატოს გაფართოებაზე ვეტო არ აქვს. ეს ყველაფერი ძალიან მკაფიო მესიჯს უგზავნის რუსეთს, რომ ნატოს კარი ღია რჩება და ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ გაფართოების საკითხი.

პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო. მან ომი დაიწყო, რადგან ნაკლები ნატო სურდა. ის იძენს ნატოს უფრო მეტ სამხედრო წარმომადგენლობას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ორ ახალ წევრს, ფინეთს, და შემდეგ უკვე შვედეთს. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს დიდ სტრატეგიულ შეცდომას, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრისას დაუშვა. ეს იყო ყველაზე სწრაფი გაწევრიანების პროცესი ნატო-ს თანამედროვე ისტორიაში, რაც ადასტურებს ნატო-ს მოკავშირეების ერთიანობას, გადაწყვეტილებას და ვალდებულებას, აჩვენონ, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული რეაგირებაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, რაც ბელარუსის სიახლოვეს ხდება. ნაუსედას განცხადებით, ბელარუსი შეშფოთების საგანი ხდება, ვინაიდან ის უკვე რუსეთის კიდევ ერთ გუბერნიად იქცა.

​"ძალიან მკაფიო სიგნალი იქნება, რომ არ განმეორდეს ბუქარესტის სამიტის ძველი ფორმულები. ვფიქრობ, მეტს გავაკეთებთ. პირველ რიგში, ჩვენ წავშლით წევრების სამოქმედო გეგმებს, რუკებს. შემდეგ ჩვენ შევქმნით ინსტიტუციურ ჩარჩოს უკრაინასა და ნატოს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ გვექნება უკრაინისა და ნატოს საბჭოს შეხვედრა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საკმარისს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი სიგნალი გავუგზავნოთ ჩვენს ძმებსა და დებს, უკრაინელებს.

განსაკუთრებით რეაგირებაა საჭირო იმაზე, რაც ხდება ლიეტუვის, განსაკუთრებით ბელარუსის სიახლოვეს. პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი, რომ ბელარუსი ნამდვილად ხდება შეშფოთების საკითხი. არ უნდა გვქონდეს ილუზია. ეს ქვეყანა აღარ არის დამოუკიდებელი. ეს არის რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი გუბერნია," - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

უკვე ისტორიული უწოდეს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სამიტის დაწყებამდე მიიღო თურქეთმა - ანკარა შვედეთს მწვანე შუქს უნთებს, შესაბამისად ნატო-ს 32-ე წევრი მალე შეემატება.

​"ჩვენ გადავდგით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ნაბიჯი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან და გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად. ჩვენ უზრუნველვყოფთ საერთო უსაფრთხოებას. ჩვენ მტკიცე ვართ ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. ევროპასა და თურქეთს შორის მჭიდრო კავშირები შვედეთის კარგად ცნობილი პოზიციაა. ახლა ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ვალდებულებებს, მოვახდენთ საბაჟო კავშირის მოდერნიზებას, უკეთეს სავიზო რეგულაციას და ა.შ.ჩვენ ახლახან შევთანხმდით, რომ ამ წლის შემოდგომაზე ჩვენ განვაახლებთ მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ უკეთესი თანამშრომლობა თურქეთთან," - აცხადებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ სასიხარულოდ მიიჩნევს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად შვედეთისთვის გამოსავალი იპოვეს.

​"სასიხარულოა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის გამოსავალი იპოვეს. თურქეთი არის პარტნიორი და ჩვენ ვმუშაობდით უამრავ თემაზე და სრულიად ნათელია, რომ ასე გავაგრძელებთ. თუ თურქეთს სურს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, ცხადია, ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ღია ვართ დისკუსიისთვის," - აცხადებს ალექსანდერ დე კრუ.

დღის ამბები