საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატოს სამიტი საქართველოსთვის ძალიან შედეგიანი იყო. მისივე შეფასებით, ცალსახადაა გაუმჯობესებული ნარატივი საქართველოსთან მიმართებაში.
"ნატოს სამიტი, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი იყო, ძალიან ბევრი განზომილების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში აუცილებლად მოიტანს ახალ მუხტს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით.
ასევე, ვფიქრობ, რომ ძალიან მკვეთრად და ცალსახად გაუმჯობესდა ნარატივი საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული საქართველოს ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ძალიან მყარად იქნა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილი და ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ნატოსთან,"- განაცხადა ილია დარჩაშვილმა.