არჩევნები 2024 - ჯერ უცნობია ოპოზიციიდან რომელი პარტიები გაერთიანდება, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" უკვე პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე საუბრობს. ამ შემთხვევაში კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ. დღეს ითქვა, რომ კონსულტაციები ჯერ არ გაუმართავთ, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაადასტურეს, რომ მიესალმებიან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის კანდიდატურას.
"ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები იმას თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ამ ადამიანსა და პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
თვითონ გიორგი ვაშაძის გუნდში კი ამ თემაზე საჯარო საუბრამდე მიაჩნიათ, რომ უმჯობესი იქნებოდა გაერკვიათ საბოლოოდ ვინ ერთიანდება.
"კონსულტაციები, რა სახით, როგორი სახის ერთობით თუ კონსოლიდაციით გავალთ პროდასავლური პარტიები 2024 წლის არჩევნებზე, მიმდინარეობს. ეს კონსულტაციები მიმდინარეობს "სტრატეგია აღმაშენებლის" მხრიდან ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან". რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, ასეთი საკითხი არ დამდგარა არც ერთ კონსულტაციაზე, არც ერთ პარტიასთან, ვინაიდან ჯერ ისიც არ არის ცნობილი რა სახის კონსოლიდაცია ან ერთობა იქნება. შესაბამისად, ეს თუ არ გაირკვა, სხვაზე ლაპარაკი უბრალოდ იქნება არასერიოზული," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
ავტორი: ანა ბუავა