15 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
"ჩვენ არ გვაქვს რეალური უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი პარტნიორებისგან, ეს შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების ქოლგის პირველი იურიდიული დოკუმენტი" - ზელენსკი ნატოს სამიტზე

ნატოს დღევანდელ სამიტზე მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იყო. არის მოლოდინი, რომ გაიმართება შეხვედრა "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ლიდერების, რის შემდეგაც ხელი მოეწერება შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. სწორედ ეს იყო ძირითადი თემა იმ ბრიფინგის, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა და რომელიც ჩაატარეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ არსებობდა და ახლა არის იმის შანსი, რომ ფურცელზე დაფიქსირდეს, თუ როგორი გარანტიები ექნება ომში მყოფ ქვეყანას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის იმედოვნებს, რომ "დიდი შვიდეულის" შემდეგ ამ შეთანხმებას სხვა ქვეყნებიც შემოუერთდებიან.

"უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი მიზანი ნატოს სამიტისთვის, ყველა შეხვედრისთვის და ყველა ჩვენი კომუნიკაციისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი სიახლეები თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე, რომლებიც ჩვენი პარტნიორებისგან უნდა მივიღოთ. მადლობელი ვარ ყველა იმ ლიდერის, ვინც შემოგვთავაზა მხარდაჭერის ეს პაკეტი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინას არ დასჭირდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროსაც კი, უკრაინა აგრძელებს რეფორმების გატარებას და ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში, მკაფიოდ ჩამოვთვალეთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამას ვაკეთებთ. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოსკენ მიმავალ გზაზე, არა ნატოში, არამედ უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. დღეს ეს გარანტიები შეიძლება დაადასტურონ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა. თუ ეს მოხდება და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, ეს აუცილებლად გახდება ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ მივიღოთ, ოპტიმალური იქნება. ჩვენ არ გვაქვს რეალური უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი პარტნიორებისგან. ვგულისხმობ, იურიდიულად. არის ფინანსური, არის გარანტიები სანქციების სახით, არის დახმარება და თავდაცვითი მხარდაჭერა და ახლა ეს შეიძლება იყოს პირველი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგის, პირველი დოკუმენტი,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

"როდესაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შეიჭრა გასულ წელს, მან ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინული ძალების გამბედაობა და უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიმტკიცე. მაგრამ მან ასევე ვერ შეაფასა ნატოს ალიანსის ერთიანობა და სიძლიერე. ნატო გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და შეთანხმდნენ გააუქმონ წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა. ეს შეცვლის უკრაინის წევრობისკენ მიმავალ გზას ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესამდე. ჩვენ გავცემთ უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების მოწვევას, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან, რომ პირობები შესრულებულია. ეს არის ძლიერი ერთიანი გზავნილი მოკავშირეებისგან ნატოში თქვენი გაწევრიანების გზაზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, იარსებებს სანდო ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რათა ისტორია არ განმეორდეს,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები