15 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
"თავდაცვის კოდექსს" ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ექნება - ირაკლი ბერაია

"თავდაცვის კოდექსს“ საფუძვლად დაედო არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის საჭიროება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები. ამ კოდექსის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის შეფასებისას, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარემ კოდექსის პროექტზე საუბრისას ის მიმართულებები და სიახლეები გამოყო, რომელიც დოკუმენტის მიხედვით შემოდის. 

"ეს არის - თავდაცვაში საკანონმდებლო დონეზე ისეთი მიდგომების გამყარება როგორიცაა ტოტალური თავდაცვა, ეროვნული მედეგობის გაძლიერება, წინააღმდეგობის გაწევა და ამოცანებით მართვა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, კიდევ უფრო მკაფიოდ იმიჯნება ფუნქციები სამინისტროს სისტემაში თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო ოფისს შორის. ასევე შემოდის თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები და მთლიანად ხდება სამხედრო სამსახურის გადააზრება, რაც ახლებურად აყალიბებს როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, ასევე რეზერვის და მობილიზაციის ახალ სისტემას. თვისობრივად უმჯობესდება სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები და უპრეცედენტო საბინაო პოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე მყარდება. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, იხვეწება წოდების მინიჭების ვადები და საფუძვლები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის კოდექსს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ექნება და საქართველოს ნატო-სთან თავსებადი, გამართული და ჯანსაღი საკანონმდებლო ბაზა ექნება, რასაც პრაქტიკული საქმიანობაც დაეფუძნება. 

"კიდევ უფრო გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი. თავდაცვაში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და საქართველოს უფრო მეტი ბრძოლისუნარიანი მოქალაქე ეყოლება.  ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ელოდება კოდექსის მიღებას, რომ მათ კიდევ უფრო გაეხსნათ ხელ-ფეხი საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად. კოდექსში ახლებურად განისაზღვრება სავალდებულო გაწვევის სახეები და დღეს არსებული ერთი ბერკეტის ნაცვლად, სამხედრო სამსახურის გავლის რვა სხვადასხვა ფორმის შესაძლებლობა შემოვა," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები