კომუნიკეში არსებულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალაში კვლავ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება რჩება - რომ საქართველოც და უკრაინაც, ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებიან. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ვილნიუსში არანაირი კონკრეტიკა - თუ როდის და როგორ მოხდება ნატოში ინტეგრაცია არ ყოფილა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კიევისთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნა გაუქმდა, მას ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა წევრობისთვის სხვა, უფრო მკაცრი პირობები წაუყენეს.
განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სამოქმედო გეგმის მოთხოვნის გაუქმება, ნატოს მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ომის დასრულების შემდეგ ოფიციალური კიევი ალიანსში ინტეგრაციას დაჩქარებული წესით შეძლებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" იმასაც ამბობენ, რომ ეს უკრაინისთვის ისტორიული შესაძლებლობაა, მეტიც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, გამართლებულია და მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებს.
ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რომ საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა, ამაზე მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ ქვეყანას ეს ყველაფერი ალიანსის მხრიდან სათანადოდ არ დაუფასდა. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ისიც თქვა, რომ საქართველოს მსგავსად, ნატოს მიერ, შესაბამისად არც უკრაინის სახელმწიფოს თავდადება შეფასდა.
უკრაინასთან მიმართებით, ვილნიუსიდან ბერად მეტ მხარდაჭერას ელოდა ალეკო ელისაშვილიც. მისგან განსხვავებით, პირობები, რომელიც ნატომ უკრაინას ინტეგრაციისთვის განუსაზღვრა, გასაგებია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის.
ვილნიუსის სამიტიდან მეტის მოლოდინი ჰქონდა მმართველ პარტიასაც. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ უკრაინის ინტეგრაციის ნაწილში კონკრეტულ გეგმასა და ვადებს ელოდნენ. ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას დღეს ისიც უთხრა, რომ საომარი მოქმედებები ნატოში გაწევრიანების გარანტია არ არის, რაც მათი თქმით, უკრაინის მაგალითით დადასტურდა.
სამიტის შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.