15 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ვილნიუსის მკაფიო გზავნილი არის ის, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი - კელი დეგნანი

ვილნიუსის მკაფიო გზავნილი არის ის, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანის განმარტებით, აუცილებელია მოკავშირეებმა დაინახონ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება.

"ვილნიუსის სამიტზე გზავნილი ძალიან მკაფიო იყო. კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის. რაც არ შეცვლილა არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ამ კარის გასავლელად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნათელია. საქართველოზეა დამოკიდებული საჭირო რეფორმების გატარება. ისინი არსებითად იგივე რეფორმებია, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, რაც გააუმჯობესებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რათა საქართველოს ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები ნატოს მაგიდასთან დასაჯდომად.

ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების გატარების მცდელობაში. ჩვენ უბრალოდ უნდა დავინახოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მაგრამ ვილნიუსის მკაფიო გზავნილი არის ის, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი. ეს საერთოდ არ შეცვლილა. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა საქართველოს წარმოსადგენად. ცხადია, რომ უკრაინაში რუსეთის ომი იყო სამიტის მთავარი თემა და ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ ერთხელ განახლდა მოკავშირეების ერთიანობა. უკრაინის მხარდაჭერა, საქართველოს, მოლდოვას მხარდაჭერა, სუვერენული ერების უფლების მხარდაჭერა, აირჩიონ საკუთარი ალიანსები, საკუთარი წევრობა. ეს არის ფუნდამენტური. რუსეთი კი ცდილობს წაართვას ეს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები