საქართველოში შტატების ელჩი "პრაიდის ფესტივალთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, სამწუხარო იყო 8 ივლისს სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა. დიპლომატის შეფასებით, თბილისში ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან.
"ძალიან სამწუხარო იყო ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე იყვნენ სიძულვილით, ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი, დახურული კონცერტის ჩასაშლელად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მოქმედებენ ღმერთის სახელით.
ხალხი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ბევრ საკითხზე, მაგრამ შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა, პატივისცემა, იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
გასულ წელს ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები. წინა კვირას, შაბათის ღონისძიების წინა დღეს დამარწმუნეს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლებას არ მისცემდნენ და მომიტინგეები უსაფრთხო დისტანციას დაიცავდნენ კონცერტზე დამსწრე ხალხისგან, არცერთი არ მომხდარა.
ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით, თბილისის ქუჩებში, რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. ეს ექსტრემისტები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ისინი არიან "ფეისბუქის" საიტებზე, ვიდეოზე, მხარს უჭერენ, ძალადობისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ თბილისის ქუჩებში სეირნობისას ყბების დამტვრევას და სისხლის დაღვრას აპირებენ, ემუქრებიან ხალხს.
ვფიქრობ, თბილისში ყველა თავს უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან," - განაცხადა კელი დეგნანმა.