"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საჯაროდ უარყო, რომ პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს გადის. ლევან ხაბეიშვილის ეს პასუხი გიორგი ვაშაძისთვის გზავნილია, რომ მისი ყოფილი პარტია მასზე პოლიტიკური ფსონის დადებას აღარ აპირებს. "ნაციონალური მოძრაობისთვის" "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პრიორიტეტული არ არის და ამ პარტიასთან, ისევე როგორც სხვა ძალებთან მხოლოდ თანამშრომლობას განიხილავს.
ჯერ კიდევ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრად დასახელებას მიესალმებოდა. ხაბეიშვილისგან განსხვავებით, ბოკუჩავასთვის ვაშაძის პოლიტიკური რესურსი დასაკარგი არ არის.
გიორგი ვაშაძეს, როგორც ოპოზიციის საერთო პრემიერობის კანდიდატს, უარს ეუბნებიან პარლამენტში მისივე მოკავშირე ძალები. ვაშაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" კავშირები არ გაჰკვირვებიათ მათ, ვინც ყოფილი მმართველი პარტია უკვე დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობა" მოკავშირეებს სხვა პარტიებში ეძებს, საერთო ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებისთვის კონსულტაციებსაც მართავს, თუმცა თავად პარტიაში დაპირისპირება არ წყდება. ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში დარჩენა ხაბეიშვილის გუნდის წევრებისთვის უკვე გამაღიზიანებელია. პეტრე ცისკარიშვილი ყოფილ თავმჯდომარესთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავს. გენერალური მდივნის პოზიცია მელიასთვის ჩრდილოვანი მმართველობის გამოვლინებაა.
ნიკა მელიამ ცისკარიშვილის განცხადების მიღმა დავით კეზერაშვილის სურვილები ამოიკითხა, რომლის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს; გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც; არასდროს გამიკრიტიკებია პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი, კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით - არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია", - წერს ნიკა მელია.
მელიას ადრესატი ყოფილი თავმჯდომარის ფეისბუქ პოსტის მხოლოდ იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარი "ნაციონალურ მოძრაობის" ჩრდილოვან მმართველობაზეა.
მმართველ პარტიაში მხოლოდ მიესალმებიან, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ელექტორალური მხარდაჭერა შეუმცირდება. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მთავარი პრობლემა ამ პარტიაში ლიდერის არ არსებობაა.
2024 წლის არჩევნებამდე ერთ წელზე მეტი დარჩა. ვინ ვისთან შეძლებს გაერთიანებას და ვინ აღმოჩნდება მზად დამოუკიდებელი ბრძოლისთვის - ოპოზიცია ახლა სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას.