44 ევროპარლამენტარის მოწოდებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები გამოხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას განვითარება სჭირდება, არ უნდა ჰყავდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი "ტყვეობაში".
"გარდა იმისა, რომ დღეს არის მიმართვა, არაერთი ოფიციალური დოკუმენტი გვინახავს ევროპარლამენტის მხრიდან, სადაც ამას არ აფიქსირებს 5 და 10 ადამიანი, ამას ასეულობით ადამიანი აფიქსირებს და ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას განვითარება სჭირდება, არ უნდა ჰყავდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აი ასე პოლიტიკურ ტყვეობაში. ამიტომ, ევროპარლამენტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია," - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი.
"სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტარების მოწოდება შესრულებული უნდა იყოს:
"არასწორიც რომ იყოს ეს მომართვა, როგორც ამას "ქართული ოცნება" ამბობს, თუ ევროპარლამენტარები ამას ასე ფიქრობენ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში ამას გავაკეთებდით, რადგანაც ალბათ რაღაცას ვერ ვუხსნით კარგად. თუმცა, სააკაშვილის ვიზუალური დათვალიერებაც კი საკმარისია, რომ შეხედავ ადამიანი არ არის კარგად. როდესაც საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს გაქვს 21-ე საუკუნეში ადამიანი, ყოფილი პრეზიდენტი, ეს არის ძალიან მძიმე," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.