მარტვილში "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გუშინ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიას აქვს ინფორმაცია მარტვილში დაგეგმილი შეხვედრის შესაძლო ჩაშლის და კასპისა და საგარეჯოს მსგავსი მოვლენების განვითარების შესახებ.
ხაბეიშვილმა პარტიის ლიდერებთან ერთად დღეს მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივებს ოპოზიციური პარტიის საპენსიო რეფორმის დეტალები გააცნო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კასპში მომხდარი ამბის შემდეგ "რუსულმა ოცნებამ" სამეგრელოში ხალხის მობილიზება ვეღარ მოახერხა.
"ეს ქვის სროლები იყო მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება, რომ ვინმე შეშინდებოდა. კასპში მიიღეს საკადრისი პასუხი და ამიტომ შიში ოხერია. არ აქვთ იმის თავი, რომ მობილიზება გააკეთონ სამეგრელოში, თორემ კასპში თუ ისროდნენ ქვებს სამეგრელოში ქვები არ დალეულა ნამდვილად," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.