ოპოზიციის შესაძლო ერთობაზე, პოლიტიკურ პარტიებში ისევ განსხვავებული პოზიციებია. დღეს, "ნაციონალური მოძრაობაში" ითქვა, რომ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი პრაიმერისით უნდა შეირჩეს - ეს იდეა პეტრე ცისკარიშვილს ეკუთვნის, პარტიის თავჯდომარე კი პროდასავლურ პარტიებს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. ყოფილ სახელისუფლო გუნდთან თანამშრომლობისთვის მზადაა გიორგი ვაშაძის პარტია, რომელიც რეგიონებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ამომრჩევლებთან შეხვედრებსაც გეგმავს:
"გიორგი ვაშაძესთან და "სტრატეგია აღმაშენებელთან" თანამშრომლობას რაც შეეხება, ცხადია, ორივე მხრიდან არის გაცხადებული, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. აუცილებელად საერთო გეგმასა და სტრატეგიაზე შევთანხმდებით და გიორგი ვაშაძის გარდა, "ნაციონალური მოძრაობა" ესაუბრება ყველა პროდასავლურ პარტიას. გარკვეულ ჯგუფებთან ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ კონსოლიდირებას, ვისთანაც ვერ მოვახერხებთ მეტიც, მათაც მივეხმარებით რომ რაიმე ერთობა გააკეთონ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ დღეს, არჩევნებამდე 1 წლით ადრე ვინც გაერთიანებაზე საუბრობს, მისი ამოცანა და მიზანი არის მომდევნო პარლამენტში "ადგილი გაინაღდოს". მისივე თქმით, გახარიას პარტია სისტემურ კოალიციას არ აპირებს არც ერთ პარტიასთან.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ სინამდვილეში პარტიების დიდი არჩევანი არ არის.
"ვაპირებთ რომ რაღაც ახალი პლატფორმა შეიქმნას. სინამდვილეში პარტიების დიდი არჩევანი არ არის. ვისაც არ მოსწონს და თავისი ნომერია მნიშვნელოვანი, მიაწვეს თავის ნომერსა და სახელს. ეს პროცესი საბოლოოდ შესაძლოა მივიდეს საერთო სიებამდე. გიორგი ვაშაძე მზად არისპასუხისმგებლობისთვის და არ გაურბის ამას,"- აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.