პოლონელი ექიმების მიერ, პალატიდან, ფარულად, ფეხსაცმლის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანას, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, უცხოელი ექიმებისთვის "ვივმედის" კარი მუდამ ღია იყო, თუმცა ეს ყველა წესისა და სტანდარტის დაცვით უნდა მომხდარიყო.
ასევე, გიორგი ცაგარეიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მათი სამედიცინო დასკვნა სააკაშვილთან დაკავშირებით, ქართველი ექიმების დასკვნისგან განსხვავებული იქნება:
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კლინიკა "ვივამედის" კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წესისა და ჩვენი სტანდარტების დაცვით ჩამობრძანდებიან აქ და მოინახულებენ პატიმარ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესოა მათი საბოლოო ვერდიქტი, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის განსხვავებული იყოს ქართველი ექიმების დასკვნისაგან. იმ ადამიანების დასკვნისაგან, რომლებიც ცდილობენ და არაფერს აკლებენ, რომ უმკურნალონ, თუმცა სააკაშვილი თვითგვერმით არის დაკავებული იმისათვის, რომ როგორმე საკუთარი თავი დაიხსნას ციხიდან.
ის ადამიანები, ვინც მას ამაში ეხმარებიან, დარწმუნებული ვარ ისევ გამოიყენებენ მას რომ აქ შიდა სიტუაცია არიონ, ხალხი ერთმანეთს გადაკიდონ და სიტუაცია უკიდურესად დაძაბონ წინასაარჩევნოდ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.