15 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს ქვეყანას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა - პრემიერი 44 ევროდეპუტატზე

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე, უკრაინის რადას მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე მომზადებულ დადგენილების პროექტს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს მოსახლეობას დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის.

"ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა, კვდება და ასე შემდეგ. ამიტომ, მინდა ეს საკითხი დასრულდეს. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და რაც მთავარია, ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ.

ყოვლად გაუმართლებელი, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ, მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, ვინაიდან ქვეყანა არის უმძიმეს ომში. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, გამარჯვება, ომის მალე დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება. ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება, ეს არის კატასტროფა და უბედურება. 20-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი ბოლო ერთ წელიწადში, ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვთ და ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად, ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას: გვაქვს ჩვენი გეგმა და მას თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენ არ გვჭირდება არავის რჩება ან ჩარევა ჩვენს შიდაპოლიტიკურ საქმეებში," - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები