"ეს მოკვლევას საჭიროებს, სერიოზულ მოკვლევას, აშკარად ვხედავთ მანიპულაციის მცდელობას, სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, მე უბრალოდ არ ვიცი" - აცხადებს ირაკლი კობახიძე პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ფეხსაცმლით გატანის სავარაუდო მცდელობაზე.
მოკვლევამ, რომლის საჭიროებაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს, უნდა დაადგინოს, რატომ გაჰქონდა ფეხსაცმლის საშუალებით "ვივამედიდან" პოლონელ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში. სახელისუფლებო გუნდი მიზეზებს შორის მთავარს - გაყალბების სურვილს ასახელებს. ეჭვს სახელისუფლებო პარტიას ის ფაქტი უმყარებს, რომ პოლონელ ექიმთა ჯგუფს კლინიკიდან ნებისმიერი ნიმუშის ოფიციალური გზით წაღება ისედაც შეეძლოთ. ახსნა-განმარტებას ქართული მხარე, პოლონეთის ხელისუფლებისგან ელოდება.
პოლონელი მედიკოსის ქცევაში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები. "ნაციონალურ მოძრაობაში" არც იმის სჯერათ, რომ ნივთი, რომლის გატანასაც ექიმი სპორტული ფეხსაცმლით ცდილობდა, სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშია. პატიმარი პაციენტის გარემოცვისთვის კანონდარღვევა არაფერია და პოლონელი ექიმის საქციელს მხოლოდ უცნაურს უწოდებენ.
"ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას მოკავშირე პარტიებში იზიარებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გამოვლენილი ფაქტი, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც. სწორედ მათი მოთხოვნით ჩამოვიდა პოლონელი ექიმების ჯგუფი საქართველოში. გიული ალასანია ამბობს, რომ მას ექიმების მისიასთან კონტაქტი არ აქვს, არც მომხდარის დეტალები იცის.
პოლონელი კოლეგის ქმედების ახსნა უჭირს "ვივამედის" კლინიკურ დირექტორსაც. ზურა ჩხაიძისთვის მომხდარი ინციდენტი, მინიმუმ, სამედიცინო ეთიკის დარღვევაა, მით უმეტეს, რომ უცხოელი ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობა შეზღუდული არ ყოფილა.
როგორც სამედიცინო, ასევე პოლიტიკურ ჭრილში პოლონელი ექიმის დამოკიდებულება მმართველი პარტიისთვის "ნდობის ბოროტად გამოყენებაა". პარლამენტის თავმჯდომარე განმარტებას პოლონელი დიპლომატისგან ელოდება. იუსტიციის მინისტრმა საგარეო მინისტრს უკვე მიმართა, რომ ელჩი უწყებაში დაიბაროს.
რა სურვილი ჰქონდა, რეალურად, ექიმთა ჯგუფს - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერს დრო გაარკვევს, თუმცა მანამდე მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ერთ-ერთი ექიმის ქმედებამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინა. პრემიერმა დღეს იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ გახდა პოლონეთისთვის საინტერესო პატიმარი პაციენტის საკითხი.