მთის დღეების ფარგლებში პრემიერ-მინისტრი რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ჩავიდა. ამბროლაურში მან, მთავრობის წევრებთან ერთად, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ამბროლაურში სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის პარკი და დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი. ამბროლაურში, პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ჯამში, 4 მილიონზე მეტი დაიხარჯა. მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები
ამროლაურშივე ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინის საწარმო "მელიტონი" დაათვალიერა. საწარმოს მეპატრონე სოფლის მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საწარმოს დაარსებასა და წარმატებით ფუნქციონირებაში სახელმწიფო პროგრამები დაეხმარა. მეღვინეობა "მელიტონმა" სოფლის განვითარების სააგენტოს 300 000 ლარიანი თანადაფინანსებით და 450 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
პრემიერი ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად მოწყობილ მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონებსა და ფრენბურთისთვის განკუთვნილი ქვიშის მოედანზეც იმყოფებოდა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 905 555 ლარი შეადგინა. სპორტული მოედნების გარდა,, დაიგო ბეტონის საფარის ბილიკები, აღდგა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა ონშიც, სადაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონის მუზეუმის აღჭურვაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მუნიციპალური განვითარების ფონდი კოორდინირებულად იმუშავებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო სახსრები გამოიყოფა.. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა 2022 წელს დასრულდა. შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ ხუთ ნახევარი მილიონი ლარით დააფინანსა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა ლენტეხში. რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში განხორციელდა. განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.
ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, მოეწყობა სკვერი. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში თითქმის 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. დამატებით იგეგმება მილიონ რვაასი ათასი ლარის ინვესტირება.
დღესვე, პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა. მუნიციპალიტეტში "მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის" სამუშაოები უკვე დასრულდა. მოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა. გაკეთდა პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები. პროექტის ღირებულება მილიონ ორასი ათას ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ცაგერშიც, სადაც ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, დავით აღმაშენებლის ქუჩა და სკვერი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ცაგერის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. ცაგერში აშენდა ბაზრის ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა. დასრულდა ლადო ასათიანის სახელობის სკვერისა და რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის რეაბილიტაცია.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. პრემიერს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა უმასპინძლა.
იქამდე კი პრემიერი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს შეხვდა. მიტროპოლიტმა სტეფანემ მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა. დღესვე, პრემიერ მინისტრმა ცაგერში, მეუფე სტეფანესთან ერთად, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მიმდინარეობს.