საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა წლის ბოლოს 30 მილიარდი ლარით გაიზრდება. აღნიშნული განცხადება მთავრობის მეთაურმა შოვში, მთის დღეების გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის რეზერვები 5 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც პრემიერის თქმით დიდი პროგრესია.
„ეროვნული ბანკის რეზერვები 5 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, რეზერვები იყო 2,8 ახლა არის 5,1 მილიარდი დოლარი. ჩვენი ხალხის დეპოზიტები 2012 წელს, დოლარში იყო დაახლოებით 2,5 მილიარდი და ამდენივე ლარში 2,6 მილიარდი.დღეს დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი არის ჩვენი ხალხის დეპოზიტები, ანუ 10 ჯერ არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა და ლარში, ასევე 27 მილიარდამდეა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება, ვითარდება. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, წლის ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 30 მილიარდი ლარით, ეს ძალიან დიდი პროგრესია, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები ებრძვიან ამ განვითარებას, მშვიდობას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების არშექმნას და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.