მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე, უკრაინის რადას მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე მომზადებულ დადგენილების პროექტს პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს მოსახლეობას დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის.
„ნაცვლად იმისა, რომ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, თითქოს სააკაშვილი მოწამლა მთავრობამ, კვდება და ა.შ. მინდა, რომ ეს საკითხი დასრულდეს, დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს.
ყოვლად გაუმართლებელი, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უკრაინის მხრიდან, არ მინდა დეტალებში შევიდე, ვინაიდან ქვეყანა არის უმძიმეს ომში და მინდა ვუსურვო მშვიდობა, ომის მალე დასრულება, გამარჯვება და თავის ტერიტორიების დაბრუნება.
გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება. ეს ძალიან ხელოვნურია და კიდევ უფრო აძლიერებს კონსპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია. რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას მოტივაცია, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად, არ გვჭირდება არავის რჩევა და მით უმეტეს, ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეში.
უკრაინის კანონმდებლობით, უკანონოდ საზღვრის კვეთა, ასევე დანაშაულია, როგორც ჩვენთან. როცა გადმოკვეთა სააკაშვილმა საზღვარი დაარღვია კანონი, როგორც ჩვენთან, ასევე უკრაინაშიც, რატომ არ მოხდა არანაირი რეაგირება?
ვიცით რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი აქ, რომ მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება და არეულობა და ორ თვეში ომი დაიწყო, ამის შემდეგ გახსოვთ უკრაინის განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და რომ ჩვენი ხელისუფლება, თურმე არ არის ომისთვის განწყობილი. მოვისმინეთ უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა, სიტყვა- მეორე ფრონტი, მათგან მომდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.