15 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
უკლებლივ ყველას აქვს მწვავე პრობლემა და საზოგადოების მხარდაჭერის დეფიციტი

ოპოზიციის შეკრება წინანდალში - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებიან. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა დეპუტატებმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს. ფოტოებიდან ჩანს, რომ შეკრებაზე იმყოფება გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელიც.

ყოფილი პრემიერის გუნდი, ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას ცდილობდა, თუმცა ახლა წინანდალში შეკრებას ესწრება.

შეხვედრამ მმართველ გუნდს შეკითხვები გაუჩინა. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", გახარიას პარტიასთან ახალ ერთობას ქმნის, რომელიც წინანდლის შეკრებაზე იყო მიწვეული.

ეჭვები სემინარის თემატიკასთან დაკავშირებითაც აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე უნდა ყოფილიყო, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატები სოციალურ ქსელში განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ მსჯელობა ოკუპაციის საკითხებზე მიმდინარეობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთელს ოპოზიციურ სპექტრს აქვს საზოგადოების მხარდაჭერის მწვავე დეფიციტი და ისინი ერთად ცდილობენ დესტრუქციული გეგმების განხორციელებით სასურველი შედეგის მიღწევას.

"თუ გადავავლებთ თვალს მთელს ოპოზიციურ სპექტრს გახარიას, "ნაციონალური მოძრაობის", სტრატეგია აღმაშენებლის" ჩათვლით, უკლებლივ ყველას აქვს მწვავე პრობლემა და საზოგადოების მხარდაჭერის დეფიციტი. ამას თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან და მათ შორის, მათი მხრიდანვე მხარდაჭერილი კვლევებით ეს დასტურდება. ასეთ ფონზე, რა საკვირველია საგონებელში არიან და შესაბამისად, ერთდროულად იწყებენ ფიქრს იმ გეგმების განხორციელებაზე, რომელიც მათთვის შეიძლება რეზულტატნიანი აღმოჩნდეს. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ასეთი გეგმების განხორციელებაში აუცილებელია ისეთი დესტრუქციული ელემენტების გამოყენება, რომელზეც მანამდე უსაუბრიათ ბაკურიანში და ა.შ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები