რა მიზანს ემსახურებოდა ოპოზიციური სპექტრის შეკრება კახეთში - პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორმა წინანდალში, სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტოც გაავრცელეს. ერთი მაგიდის ირგვლივ გახარიას "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლების ნახვამ, მმართველ გუნდში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ყოფილი პრემიერის გუნდი, ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას ცდილობს.
წინანდლის შეკრება მმართველ გუნდს ბაკურიანში გამართულ შეხვედრას ახსენებს. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ ველზე გახარიასა და "ნაციონალების" ტანდემით, ახალი მოთამაშეც გამოჩნდეს.
ოპოზიცია წინანდლის შეკრებას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" სემინარით ხსნის, სადაც მათივე თქმით, სახელისუფლებო გუნდიც იყო მიწვეული - ეს ყველაფერი კი "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ თავის მართლებაა.
როგორც ფორმულას„ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე შეკრებილი პარტიების ერთობლიობა შეუძლებელია, თუ ისინი არ დაიყოფიან და სწორი ფორმით არ შედგებიან, თუმცა შეხვედრაზე ამის განხილვა არ ყოფილა.
"იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ასევე იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ბევრი ექსპერტი. შეუძლებელია ამ პარტიების ეგეთი ერთობლიობა, რომლებიც აქ ესწრებოდნენ შეუძლებელია შედგეს, მაგრამ ამ პარტიების სხვანაირი ერთობლიობა, თუ დაიყოფიან და სწორად შედგებიან, ეგ შესაძლებელია და ეს პროცესი აუცილებლად მოხდება, თუმცა ეს კონკრეტული შეხვედრა ამაზე არ იყო, აბსოლუტურად სხვა თემაზე იყო", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ შეხვედრამ აჩვენა, საზოგადოებას თუ რასთან აქვს საქმე რადიკალური ოპოზიციის სახით და ამის შემდეგ არჩევანის გაკეთებაც უფრო მარტივი იქნება.
"გახარიას პარტია, რომელიც დედას იფიცებდა, რომ "ნაცმოძრაობასთან" არაფერი საერთო არ მაქვს და გახედვაც არ მინდა მაგათკენო, ვნახეთ ხელიხელგადახვეული და სამომავლო პოლიტიკური ქორწინებისთვის ნიშნობა იყო ეს. აქ დასამალი არაფერი არ არის, ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან საზოგადოება ხედავს, რასთან აქვს საქმე რადიკალური ოპოზიციის სახით და აქედან გამომდინარე, არჩევანიც ძალიან მარტივად გასაკეთებელი იქნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.