15 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
მხარდაჭერა აღარ აქვთ და დარჩენილია ერთადერთი გეგმა - რევოლუციური სცენარი, რასაც აფინანსებენ მათი პატრონები უცხოეთიდან - მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის სათავე არის "პრიგოჟინის პარტია", რაც კახეთში, ოპოზიციის შეკრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისივე სიტყვებით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვს და ამიტომ, რევოლუციური სცენარის განხორციელებას გეგმავენ.

"როდესაც წაშლილია "რადიკალურ ოპოზიციას" შორის ზღვარი და მათი სათავე არის "პრიგოჟინის პარტია", ეს უკვე დადასტურდა არაერთხელ, მაგრამ ბოლო, გუშინდელი ფაქტები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ერთი გენეალოგიური ხეა და, ასევე, ადასტურებს იმასაც, რომ ამ რადიკალებში "ყოფილი ნაცი" არ არსებობს. რაც არ უნდა ფერი იცვალოს, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. პოლიტიკური ქორწინება და განქორწინება რამდენი და როგორი იქნება, ამის საზოგადოებას აღარ სჯერა.

მათ მხარს არ უჭერს საზოგადოება, ეს მათ ძალიან კარგად იციან და დარჩენილია ერთადერთი გეგმა, რასაც მხარს უჭერენ და აფინანსებენ მათი პატრონები უცხოეთიდან - ეს არის რევოლუციური სცენარი, არეულობა ქვეყანაში და ა.შ. ეს "კარგია", რადგან საზოგადოება ხედავს, თუ ვინ აპირებს, რომ ხელისუფლება ძალით, უკანონოდ ჩაიგდოს ხელში,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინანდალში სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელეს.

დღის ამბები