15 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
კონკრეტული ფაქტი არის სამედიცინო მისიის კომპეტენციის საკითხი, ამ ფაქტზე პოლიტიკური კომენტარების გაკეთება უბრალოდ მანიპულაციაა - რას ამბობენ ენმ-ში "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა "ნაციონალურ მოძრაობაში." ენმ-ის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პოლონეთიდან პროფესიონალი ექიმები ჩამოვიდნენ, ხოლო კონკრეტული ფაქტი არის სამედიცინო მისიის კომპეტენციის საკითხი, და მისი პოლიტიკურად შეფასება, მანიპულაციაა.

"სამედიცინო მისია, რომელიც ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილთან, არის უმაღლესი დონის კვალიფიკაციის პროფესიონალებით დაკომპლექტებული. უშუალოდ ევროკავშირის ორგანიზებით ხდებოდა პოლონელი ექიმების ჩამოსვლა საქართველოში და, რა თქმა უნდა, მათ კომპეტენციაში ეჭვი ეპარებათ მხოლოდ "რუსული ოცნების" წარმომადგენლებს, რომელთაც ყველაფერ დასავლურში და ევროპულში შეაქვთ ეჭვი.

რაც შეეხება უშუალოდ ამ კონკრეტულ ფაქტს, კონკრეტული ფაქტი არის სამედიცინო მისიის კომპეტენციის საკითხი. ამ ფაქტზე პოლიტიკური კომენტარების გაკეთება უბრალოდ მანიპულაციაა," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით კი, "უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა ეს და რა მიზანს ემსახურებოდა." მისივე შეფასებით, "ფაქტია, რომ ამ მოვლენას დააზიანა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა და "ქართულ ოცნებას" დამატებითი პროპაგანდისტული ქმედებების საშუალება მისცა."

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა "ვივამედში" ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

 

დღის ამბები