მთავრობის ადმინისტრაციაში დაახლოებით 1 საათია, რაც უზბეკეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში იმართება.
მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობებია.
საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი დახვდა. აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
უზბეკეთისთვის საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია სატრანზიტო დერეფნის კონტექსტში. ასევე, "შუა დერეფნის" ინიციატივის მნიშვნელობა ძალიან პრიორიტეტულია საქართველოსთვისაც.
2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 40%-ით. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელს 32%-ით გაიზარდა. ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა - არასრული ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რომელშიც ორივე ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა სწორედ ამ მნიშვნელოვანი, ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს.