მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, აბდულა არიპოვს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან აბდულა არიპოვთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა უზბეკეთს და უზბეკ ხალხს.
"მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ აბდულა არიპოვს. მე მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს კოლეგას თბილისში.
მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში. მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში.
მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს.
ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა.
მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსურვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს.
ბატონო პრემიერო, ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება; სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი გაფართოებულ შეხვედრაზეც და დღეს ასევე ხელს მოვაწერთ ძალზე მნიშვნელოვან მემორანდუმს - უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების სამოქმედო გეგმას, საგზაო რუკას.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.
"მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის.
საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.
ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას.
მადლობას გიხდით უზბეკეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის," - განაცხადა აბდულა არიპოვმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას.
პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში.
მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა.
პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, "შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას.
განიხილეს საქართველოს რეფორმების გაზიარების კუთხით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით.