"შიმშილი, როგორც იარაღი" - დასავლელი ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ პუტინის გადაწყვეტილებას.
"მარცვლეულის შეთანხმებაზე" რუსეთის უარმა ხორბალსა და სიმინდზე მსოფლიო ფასების ზრდა უკვე გამოიწვია - ლიდერები მოუწოდებენ კრემლს შეცვალოს გადაწყვეტილება, რათა არ დაზარალდეს მილიონობით დაუცველი ადამიანი მთელს მსოფლიოში.
თავის მხრივ, მოსკოვი ამბობს, რომ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი შესრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერია.
"რუსეთის გადაწყვეტილება, არ გაახანგრძლივოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, არის არაკეთილსინდისიერი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ბაზარი რეაგირებს ამაზე, რადგან ფასები იზრდება. შეთანხმება უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად.
იმედი მაქვს, ყველა ქვეყანა ამას ყურადღებით ადევნებს თვალს. ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ უარი თქვა საკვებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ხელი შეუწყო ფასების ზრდას იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა განიცდის ძალიან მძიმე ინფლაციას," - აცხადებს ბლინკენი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში კი აღნიშნავს, რომ რუსეთის გადაწყვეტილების გამო, "ძალიან ბევრი დევს ფსონზე შიმშილითა და გაჭირვებით აღსავსე სამყაროში".
"ღრმად ვწუხვარ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს შავი ზღვის ინიციატივა. ამ ინიციატივამ უზრუნველყო ტონა საკვები პროდუქტების უკრაინის პორტებიდან უსაფრთხო გასვლა. გაუქმებული გადაწყვეტილება პრობლემურ სამყაროში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის იმედის შუქურა იყო.
ასობით მილიონი ადამიანი შიმშილის წინაშე დგას და საზოგადოება სულ უფრო მეტად განიცდის კრიზისს საცხოვრებელ ხარჯებზე. უკვე ვხედავთ ხორბლის ფასზე ზრდას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ გამოსავლის გზების ძიებას. ძალიან ბევრი დევს ფსონზე შიმშილითა და გაჭირვებით აღსავსე სამყაროში,"- აცხადებს გუტიერეში.