"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ბელგიის გადაწყვეტილების უკან, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, შესაძლოა, პოლიტიკური მოტივი იდგეს. მისივე შეფასებით, გადაწყვეტილების მოტივი ბუნდოვანი და გაურკვეველია, რადგან მისი საფუძველი არ არსებობს.
"2013 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, შენგენის 20 ქვეყნიდან 16-მა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ჩამონათვალში წელს რატომ არ მოხვდა საქართველო, ამაზე დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს. არც ბელგიის მოქალაქეს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია და ისიც აღსანიშნავია, რომ ბელგია საქართველოს მოქალაქეებს, იმის გამო, რომ საქართველო სწორედ უსაფრთხო ქვეყანაა, არ აძლევს რაიმე განსაკუთრებით პრეფერენციებს, მათ შორის დევნილობის სტატუსის მინიჭების კუთხით, იმიტომ, რომ არ მიიჩნევს ბელგია საქართველოს ამდაგვარ ქვეყნად, სადაც ადამიანის უფლებები არის შელახული. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი და ბუნდოვანია, თუ რატომ არ არის ამ წლის სიაში საქართველოს მოხვედრილი. როგორც ყოველთვის, არ უნდა გამოვრიცხოთ გარკვეული პოლიტიკური მიზნებიც ამა თუ იმ გადაწყვეტილების უკან,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ 2013 წლამდე საქართველო არცერთი ქვეყნის მიერ არ იყო უსაფრთხოდ აღიარებული.
"ოპოზიციას ახასიათებს ასეთი რამ - დილით რომ იღვიძებს, საქართველოში თუ რამე ცუდი ხდება უხარია, ხოლო თუკი რამე კარგი ხდება სწყინს. საქართველო 2013 წლამდე არც ერთი ქვეყნის მიერ არ იყო უსაფრთხოდ მოხსენიებული და ახლა 20-დან 16 ქვეყანა უსაფრთხოდ მიიჩნევს. ის, რომ საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ აღიარებული უსაფრთხოდ, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ინვესტიციები იდება და ეკონომიკური მაჩვენებლები იმ ქვეყანაში, რომელიც უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ, არ იზრდება. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური მაჩვენებლები წინ არის და მშვიდობა ნარჩუნდება ასეთ რთულ პერიოდში, იქ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უსაფრთხოდ არის მიჩნეული,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.