შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
"ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA).
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება," - ნათქვამია ინფორმაციაში.