"ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს სტრატეგია აღმაშენებელთან კონსულტაციებს- პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ითქვა რომ საუბარი არის გიორგი ვაშაძესთან არა პარტიულ გაერთიანებაზე, არამედ 2024 წლის არჩევნებისთვის ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
სხვებთან თანამშრომლობის პარალელურად, "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს თანაპარტიელებს რეინტეგრაციისკენ მოუწოდეს, ამ მოწოდებას უკვე უპასუხეს ნიკა მელიას გუნდიდან.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ერთი სიით არჩევნებზე წარდგენა დიდი შეცდომაა, რადგან ყველა ძალას სპეციფიკური ელექტორატი ჰყავს.
"ერთი მტრის გარშემო გაერთიანება გასაგებია, მაგრამ ასე ერთი სიით წარდგენა არჩევნებზე შეცდომაა. ყველა ძალას ჰყავს კონკრეტული და სპეციფიკური ელექტორატი და აზელა ამ ყველაფრის, არის შეცდომა. ის ტრაგიკომედია რაც ხდება ენმ-ში, შიგნით, დიდი იმედი მაქვს, რომ დალაგდება. ინფორმირებულები არიან ჩვენს პოზიციაზე, რა არის მისაღები და რა არა.
სამწუხაროა, რომ მედიის მეშვეობით ვიგებ რაღაცებს, როგორც პოლიტსაბჭოს სხდომებზე, ასევე, რაღაც გადაწყვეტილებებზე,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.