15 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
სააკაშვილის ოჯახი გაშმაგებით და გაგულისებით ებრძვის თავის სამშობლოს იმისათვის, რომ კრიმინალი სააკაშვილი როგორმე ააცილონ სასჯელს - გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულს დოკუმენტებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობას ასახავს და განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახი "გაგულისებით ებრძვის თავის სამშობლოს".

მისივე თქმით, სააკაშვილის ბედის გაიგივება ქვეყნის ბედთან, ტრაგიკული მოვლენაა:

"რაში იხარჯება ნაქურდალი და აქედან წაღებული ფული, როგორც ჩანს მათ შორის კეზერაშვილის ჯიბეებიდან. სააკაშვილის ოჯახი გაშმაგებით და გაგულისებით ებრძვის თავის სამშობლოს იმისათვის, რომ კრიმინალი სააკაშვილი როგორმე ააცილონ სასჯელს და დაიხსნან ციხიდან. ეს არის უზნეო, ამორალური მიზანიც და საშუალებაც. ეს ადამიანი არის დამნაშავე, იგი გასამართლებულია კონკრეტული, მძიმე დანაშაულების გამო და ამ ადამიანის ბედის გაიგივება ქვეყნის ბედთან არის ტრაგიკული. საშინელი, აღვირახსნილი კამპანია, რასაც ჩვენ დაკვეთილი სტატიებისა და თურმე დაკვეთილი რეზოლუციების სახით ვხედავთ, ყოფილა გამართული იურიდიული მომსახურება და კარგად გაკეთებული საქმე. ეს ოჯახი უყურებს ქვეყანას, როგორც თავის ბოსტანს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობას ასახავს. დაკვეთილი აქტივობების ჩამონათვალს შორისაა ევროპარლამენტისთვის რეზოლუციების დაწერა და მიწოდება, კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად, საერთაშორისო მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და ამის შესახებ რელევანტურ პირებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლისთვის მასალების გადაცემის მიზნით; ასევე სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით.

დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ლობისტებს დაევალათ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები, მისი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით და ამისთვის კომუნიკაცია შედგა საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელ ევან ელიოტთან. ლობისტურ საქმიანობაში გადახდილია ჯამში დაახლოებით 130 ათასი დოლარი.

დღის ამბები