ვინ შეუერთდება "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი ვაშაძის ერთობას - "გამარჯვების პლატფორმა" ამ სახელწოდებით მოძრაობა კვირის ბოლომდე ოფიციალურად ჩამოყალიბდება. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე გაკეთდება, "სტრატეგია აღმაშენებელში" კი არ გამორიცხავენ დაშვებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხუთი ნომრით მიიღონ. ამ ეტაპზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე თანამშრომლობას გამორიცხავს ოპოზიციის ძირითადი ნაწილი.
პარტია "საქართველოსთვის" "ნაცმოძრაობასთან" რაიმე კოალიციის შექმნას გამორიცხავს, ხოლო რაც შეეხება პატარა პარტიების გაერთიანებას, პარტიაში აცხადებენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა გუნდს არ გააჩნია, შესაბამისად ინიციატივას არ უერთდებიან.
"ჩვენთვის წითელი ღილაკი არის "ნაცმოძრაობა" და "ქართული ოცნება". ამ ორ პარტიასთან თანამშრომლობა, სისტემური კოალიცია - ჩვენს გუნდ არ ექნება და წერტილი.
პატარა პარტიების გაერთიანება, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ძირითადად მიზნად ისახავს, რომ რამენაირად 5%-იანი ბარიერი გადაილახოს. ჩვენს გუნდს ეს პრობლემა არ აქვს," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა.
"გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, როდესაც ფანტაზია "ნაცებთან" გაერთიანებას ვერ ცდება, უნდა დაფიქრდე არასწორ გზაზე ხომ არ დგახარ. იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძეს 5 ნომრად ინტეგრაციაში წარმატებას უსურვებს.
"ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: "ნაცები", "ქოცები", და "გირჩი". ბატონ ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებთ 5 ნომრად ინტეგრაციაში და სასურველი პრემიერობის კანდიდატის თანამდებობის მოპოვებაში.
როცა შენი ფანტაზია ვერ ცდება "ნაცებთან" ერთად პარლამენტში შესვლას, მგონი უნდა იფიქრო, არასწორი გზით ხომ არ მიდიხარ.
როგორც კი წინასაარჩევნო მაგნიტი ირთვება, "ნაცმოძრაობა" მაინც ახერხებს ხალხის მიზიდვას, როგორც ახლა ვაშაძე მიიზიდა და კიდევ სხვებს მიიზიდავს. საბოლოო ჯამში ეს ის ხალხია, ვინც "ნაცმოძრაობის" ირგვლივ ტრიალებს ან "ქართული ოცნების" მიერ არის შეგზავნილი "ნაცმოძრაობაში", შესაბამისად, მათ ცალ-ცალკე ანგარიშს აზრი არ აქვს, რაც უფრო სწრაფად გაერთიანდებიან, მით უფრო ნაკლებად დააბნევენ ამომრჩეველს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.