15 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
პოლონელ ექიმებს სამკურნალო დანიშნულებაში რაიმე რეკომენდაციის გაცემა საჭიროდ არ ჩაუთვლიათ, რაც ძალიან მახარებს და მეამაყება - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ "ღამის კურიერის" ეთერში პოლონელი ექიმების ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიმუშის ფარულად გატანის ფაქტამდე, მათთან შეხვედრა საკმაოდ პოზიტიური და საქმიანი იყო.

მისივე თქმით, პოლონელ კოლეგებს არ გაუციათ რაიმე რეკომენდაცია მკურნალობის გეგმის შეცვლის, ან მასში რაიმეს დამატების შესახებ.

"პოლონელი ექიმების ვიზიტი როდესაც შედგა, მათთან ვიყავი კლინიკაში შემოსვლის პირველივე წუთებიდან. მე მათ შევხვდი. ეს იყო ჯგუფი. მათ შორის იყო ორი ექიმი - ერთი იყო ექიმი ნეიროქირურგი, მეორე შინაგანი მედიცინის სპეციალისტი ტოქსიკოლოგის სერტიფიკატით. მათთან ურთიერთობამ, როგორც ექიმებთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენი შეხვედრა ნამდვილად იყო საგნობრივი, საქმიანი.

პირველად, სხვა კონსულტანტებისგან განსხვავებით, რომლებიც, ფაქტობრივად, ჩვენთან არ თანამშრომლობდნენ, შედიოდნენ, ნახულობდნენ პაციენტს და არც ავადმყოფობის ისტორიით, არც კვლევის შედეგებით არ ინტერესდებოდნენ და აკეთებდნენ განცხადებებს, რომელიც გაურკვეველია, რის საფუძველზე კეთდებოდა საერთოდ, შემოსვლისთანავე ნახეს და გასინჯეს პაციენტი, შემდეგში მათთან ერთად განვიხილეთ ავადმყოფობის ისტორია, ყველა ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ ისინი, ეს იქნებოდა ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგები.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ ექნებოდათ მათ რაიმე რეკომენდაცია, თუნდაც მკურნალობის სქემაში რაიმე მედიკამენტის დამატების ან რომელიმე მედიკამენტის გამოკლების, ან რაიმე დამატებითი კვლევის შესრულების - მათგან სიტყვასიტყვით იყო ნათქვამი, რომ არა, ყველა კვლევა ჩატარებული იყო ჩვენების შესაბამისად და სამკურნალო დანიშნულებაში რაიმე რეკომენდაციის გაცემა საჭიროდ არ ჩაუთვლიათ. ეს მე ძალიან მახარებს და მეამაყება რაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რატომღაც არ იყო მისაღები სხვა ადამიანებისთვის, ვგულისხმობ არამხოლოდ გარემოცვას," - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები