გაიზრდება თუ არა "გამარჯვების პლატფორმაში" შემავალ პარტიათა ჩამონათვალი? "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთობის სურვილს, "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, ამ ეტაპზე, კვლავ არავინ აცხადებს.
"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთობლივ პრეზენტაციას დღეს გამართავენ. ინფორმაცია უკვე დადასტურებულია. რაც შეეხება დროს, ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, პრეზენტაციის დრო საღამოს 20:00 საათი იქნება.
მანამდე კი "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს არ იქნება თანამდებობების გადანაწილება, არამედ დღევანდელ პრეზენტაციაზე საზოგადოებას მათი სტრატეგიისა და გეგმის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია.
"გიდასტურებთ, რომ დღეს იქნება პრეზენტაცია. ჩვენ არანაირ თანამდებობებს არ ვინაწილებთ და არ ვიყოფთ. ჩვენ ვთანხმდებით ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე.
ჩვენთვის ტექნიკური საკითხი გახდა უკვე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვითანამშრომლებთ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. ამიტომ ვთქვით, რომ რესურსი, ძალა და ენერგია დავხარჯოთ არჩევნებამდე, რომ კარგი შედეგი გვქონდეს არჩევნების დროს. ეს არის წმინდა პრაგმატული ამბავი.
ის ხალხი, ვინც იძახის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წითელი ხაზია. მერე მოდის კითხვა - არჩევნების მერე ითანამშრომლებ "ნაციონალურ მოძრაობასთან"? იქნები მთავრობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად? ჰო, აბა რა, კი. თუ არჩევნებამდე აცხადებ, რომ ცოდვაა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგომა, არჩევნების მერე მადლი როგორ გახდება?" - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.