დავით არახამიას განცხადებას მმართველ გუნდში საქართველოს მტრობის გაგრძელებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ომში მყოფი ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი იცლის და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არახამიას მსგავსი პათოსი საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის საფრთხის შემცველია.
"დიახ, არახამია დღეს თანამოზიარეა იმ შეხედულებისა, რომელსაც აფრქვევს ბატონი უგულავა, რომელიც იძახის, დავიღუპებით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებსო. მე ასე მჯერა, ასე ვუყურებ და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც სწორედ ამგვარად ხედავს. იმ პოლიტიკური დაჯგუფების მხარეს დგას არახამიას ნამოქმედარი და უკლებლივ ყველა მისი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ამ პათოსით არის გაჟღენთილი, რომ დააფინანსონ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენება, რაც რა შედეგის მომტანი იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით წინსვლისთვის, ეს, მე მგონი, საზოგადოებისთვის ნათლად გასაგებია," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა - "თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების" მთავრობაა." ამ განცხადებით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "უკრაინა იყო დაინტერესებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო."