15 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
დაკვეთილი სტატიებით აგორებული საერთაშორისო კამპანია, რომელსაც სააკაშვილი მსხვერპლად უნდა წარმოეჩინა - რას ხდის ფარდას FARA-ს ახალი დოკუმენტები

"დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება!" - 28 თებერვალი, გამოცემა The New York Sun; "მე ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში და მე ვკვდები" - 7 აპრილი, Politico. ორი სტატია და კიდევ ერთი დადასტურება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიაზე. სხვადასხვა დროს გაფორმებულ შეთანხმებებს ერთი საერთო აქვთ - ყველა სტატიასა და ინფორმაციაში თანხაა გადახდილი, მათი მომზადება კი დაკვეთით ხდება. როგორი შინაარსის უნდა ყოფილიყო პრესისთვის განკუთვნილი მასალები, ეს 28 თებერვალს ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა.

წინასწარ გამზადებულ სტატიებისთვის შერჩეულია სათაურებიც, მაგალითად, ერთი ასეთი: "შეერთებულმა შტატებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ სააკაშვილის გადასარჩენად." ერთ-ერთი ჰედლაინი საქართველოდან საგანგაშო ამბების მიღებას ეხებოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობები მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ერთ-ერთი, ვინც ყოფილი პრეზიდენტისთვის სასურველი სტატია მოამზადა, ნათან შარანსკია. ის ისრაელის ყოფილი ვიცე-პრემიერია და მისი ავტორობით მასალა The New York Sun-ში დაიბეჭდა.

დეზინფორმაცია, რომელშიც ფულია გადახდილი, მხოლოდ ქვეყნის იმიჯს აზიანებს - ასე ფიქრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარისთვის მოღალატეობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

მიხეილ სააკაშვილის დედა, რომელიც ლობისტურ კომპანიებთან დადებულ კონტრაქტებზე ხელმომწერია, არ უარყოფს, რომ შვილის დახმარებას ყველა გზით ცდილობს. გიული ალასანია შედეგითაც კმაყოფილია და სტატიების ავტორებს ინფორმაციის გავრცელებისთვის მადლობას უხდის.

შეკვეთილი სტატიები საპარლამენტო უმრავლესობისთვის ანტიქართული შინაარსისაა. ასევე, "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ მოლოდინს გადააჭარბა ლობისტების დაგეგმილმა კამპანიამ, რომლის მიზანიც არა მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლება, არამედ უკვე ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.

სააკაშვილის ლობისტებზე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე, დღეს გავრცელებული დოკუმენტების გარდა, არაერთი სხვა ინფორმაციაც იძებნება. მაგალითად, 28 გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია "აკერმანს" უნდა უზრუნველეყო ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება, სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანა და ამერიკელი სენატორების დარწმუნება, რათა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესებულიყო. სწორედ ეს ბოლო პუნქტი იწვევს ოპოზიციაში ნეგატიურ დამოკიდებულებას.

"რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვების გაშიშვლებაა" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის სააკაშვილის მიერ დაგეგმილი კამპანია. "უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს!"- დაწერა სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძემ. მმართველი პარტიის ლიდერის შეფასებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც ეთანხმებიან.

სააკაშვილის ლობისტურ კამპანიას დღის ბოლოს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. რატი ბრეგაძე აქცენტს ლობისტების გადახდილი თანხების დანიშნულების იმ ნაწილზე აკეთებს, სადაც საუბარია ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგიაზე, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები გატარდეს. მინისტრი ბოროტებას უწოდებს ამ მიზნით თანხის გადახდას.

დღის ამბები