გიული ალასანიას აზრით, პოლონური მხარე არ ელოდა იმ გამოხმაურებებს, რომელიც მათ მიერ გამოგზავნილი ექიმის ქმედებას მოჰყვა. ამბობს, რომ მოულოდნელი იყო ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებაც. პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის დედა მომხდარში პენიტენციურ სისტემას ადანაშაულებს, პრობლემად მხოლოდ ექიმის ჩხრეკას აღიქვამს, უშუალოდ ფაქტზე და მოტივზე კი ისევ არაფერს ამბობს.
პოლონეთის საგარეო უწყებამ ფეხსაცმლით ბიოლოგიური ნიმუშის გატანის მცდელობას შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი უწოდა. "ვივამედის" დირექტორის შეფასებით, ეს არის აღიარება, რომ კლინიკაში ადგილი ჰქონდა, მინიმუმ, სამედიცინო ეთიკის დარღვევის ფაქტს. ზურაბ ჩხაიძე გამორიცხავს, რომ პოლონელი ექიმის ქმედება უნდობლობის ფაქტორს უკავშირდებოდეს, რადგან უცხოელმა სპეციალისტებმა შეუფერხებლად, ყველა სტანდარტის დაცვით შეძლეს კვლევებისთვის საჭირო მასალების აღება.
უხერხულ ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა იქვე წერენ, რომ კადრების გასაჯაროება თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება - ესეც პოლონეთის ოფიციალური განცხადების ნაწილია. მსგავსი პრეტენზიის წამოყენება, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ყურადღების გადატანის მცდელობაა მთავარი საკითხიდან, თუ რატომ დასჭირდა პოლონელ ექიმს არალეგალური გზით ნიმუშის გატანა. ამ კითხვაზე ხელისუფლებას ოფიციალური ახსნა-განმარტება არ მიუღია. მმართველ პარტიას ისევ რჩება ეჭვი, რომ პოლონეთის მთავრობის გამოგზავნილი ექიმი სააკაშვილის ანალიზების გაყალბებას აპირებდა.
პოლონური მხარისგან განსხვავებით, კადრების გავრცელებაში პრობლემას ოპოზიცია ვერ ხედავს. ზოგიერთი პოლონელი ექიმის უცნაურ ქცევას უცნაურ მოტივსაც უძებნის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქმედებამ, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ აქვს, პროცესის დისკრედიტაცია მოახდინა.
ორი ქვეყნის ურთიერთობა სააკაშვილის საკითხმა არ უნდა დააზიანოს - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებებს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განაპირობებს, რომლის მიზანიც პატიმარი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა.
არტურ ზაჩინსკი პოლონელი ექიმების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალური გზით გატანა სცადა. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტულ ექიმებთან აღარ ითანამშრომლოს.