"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებას აფასებენ ოპოზიციურ პარტიებში. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ბარიერის გადასალახად პატარა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანია.
ასევე განმარტავენ, რომ სააკაშვილის პარტიის გარშემო გაერთიანება ორპოლუსიანობას არ დაასრულებს და მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
"5%-იანი ბარიერის ფონზე მნიშვნელოვანია პარტიების გამსხვილება იმისთვის, რომ საარჩევნოდ ხელისუფლების შეცვლა იყოს შესაძლებელი, თუმცა ეს არ არის საკმარისი. არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ გაერთიანება არის გამარჯვების ფორმულა. არ ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ გაერთიანება ორპოლუსიანობას ასრულებდეს, პირიქით ეს უფრო აძლიერებს, ამიტომ ალტერნატიული ძალა არის აუცილებელი", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება შესაცვლელია, მაშინ ის "ნაციონალური მოძრაობით" არ უნდა ჩანაცვლდეს.
"ლელო" მუშაობს საქართველოს წარმატების ფორმულაზე, ამას ჭირდება იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდების ძალისხმევა, რომლებიც თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილის "ოცნება" შესაცვლელია, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობით". ყველა ის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ვინც ვთვლით, რომ ორპოლუსიანობა ქვეყანას უკან წევს, მალე უნდა ჩამოყალიბდეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.