15 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
"ჩემი ხედვიდან გამომდინარე, ისევე როგორც მათი წარსულიდან გამომდინარე, მათთან ერთად საარჩევნო სიაში ყოფნას არ ვფიქრობ" - თეონა აქუბარდია

"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობაში ყოფნა ოპოზიციის დიდ ნაწილს არ სურს. ისინი ამბობენ, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნავენ რომ მათი ხედვები ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ვაშაძე/ხაბეიშვილის ერთობაში ყოფნას არ განიხილავს. 

"არ ვფიქრობ, ჩემი ხედვიდან გამომდინარე, ისევე როგორც მათი წარსულიდან გამომდინარე, მათთან ერთად საარჩევნოდ სიაში ყოფნას. ამ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ცუდსა და უარეს შორის არჩევანი ქვეყანაში არ არსებობს და ნაციონალური მოძრაობა ცალკე, ერთის მხრივ, ვერ ამარცხებს ქართულ ოცნებას, რაც მოცემულობაა და მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ ხალხს სურს ალტერნატივა." - აცხადებს თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის გადაწყვეტილება არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. 

"გიორგი ვაშაძის და სტრატეგია აღმაშენებლის გადაწყვეტილება არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივაც შეიკრიბებიან პარტიები. უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ვფიქრობ, რომ გამარჯვების მეტი შანსი ექნება სხვა პოლიტიკურ პლატფორმას,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” წევრი, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ  ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებას გამორიცხავენ.

"საკმაოდ დიდი ღირებულებითი აცდენები გვაქვს. ამ ერთობაში მე ვერ მივიტან გირჩობას, აქ ნაციონალური მოძრაობა შეგჭამს. იმიტომ რომ ის დიდი პარტიაა და რაც არ უნდა მე ვიძახო, რომ ორი თანაბარი სუბიექტი ვართ, ამომრჩევლის თვალში, ბრენდინგის ნაწილში, ძალიან გაჭირდება სუვერენის შენარჩუნება. შენ ხდები ნაციონალური მოძრაობის წევრი,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.

დღის ამბები