პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ის არ გასცნობია დოკუმენტებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.
მათიკაშვილის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ კელი დეგნანმა კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.
„საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს რამდენად რელევანტურია და არის თუ არა ღიმილის მომგვრელი ის მოცემულობა, როდესაც ქალბატონი ელჩი ხანდახან ასე დაკვირვებით კითხულობს ზოგიერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრების ემოციურ სტატუსებს, მათზე რეაგირება და რეაქცია აქვს და არ კითხულობს აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, ფარას სისტემას ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულს, ქალბატონი ელჩის მიერ რუსულ კანონად მონათლულ კანონს, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და სწორედ ამ კანონის და ამ ჩანაწერების საფუძველზე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორი შეთქმულება მზადდებოდა და ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორ იყო ამ ვერაგულ და მტრულ ქმედებებში ჩართული სააკაშვილის ოჯახი და რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალებების მიმცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთიანობაში ეს ყველაფერი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას აარიდა ქალბატონმა ელჩმა თავი და თითქოს თავი იმართლა ამ სიტუაციაში, არადა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.