15 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ხაბეიშვილი-ვაშაძის ალიანსთან ერთობის იდეას თანამოაზრეები ჯერ არ ჰყავს - ვინ რა სტრატეგიას აირჩევს და რა გეგმით მივა 2024 წლის არჩევნებამდე ოპოზიცია

ლევან ხაბეიშვილი გამარჯვების პლატფორმაში თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარს ახლა არასერიოზულობად მიიჩნევს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალ გაერთიანებაში ყველას თანაბარი როლი ექნება, გადაწყვეტილებები კი მიხეილ სააკაშვილთანაც შეთანხმდება. ირკვევა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან აქტიური კომუნიკაცია უკვე აქვს გიორგი ვაშაძეს. მისი თქმით, სექტემბერში "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობას, სხვა პირებიც შეუერთდებიან, თუმცა ვინ - უცნობია. თავად ვაშაძემ და ხაბეიშვილმა კამპანია უკვე დაიწყეს - გაერთიანების შემდეგ, მათ ერთობლივი პირველი შეხვედრა ამომრჩეველთან დღეს, უკვე ჰქონდათ.

იდეის გარშემო ერთობის მომხრეა "ნაციონალური მოძრაობის" მეორე, ნიკა მელიას ფლანგი, თუმცა, მათთვის მიუღებელია, ერთი ნომრის ქვეშ ორი პარტიის გაერთიანება. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეებისთვის გაუგებარია, რატომ დათანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მსგავსი პლატფორმის ჩამოყალიბებას მაშინ, როდესაც ისინი, ბაჩო დოლიძის თქმით, წარსულში ერთიანი სიით ბრძოლის წინააღმდეგები იყვნენ. მელიას ფლანგი არც იმ პოზიციას იზიარებს, რომელიც ახალ გაერთიანებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს აქვს.

ერთობის ჩამოყალიბება, "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული განხეთქილების პარალელურად, გაუგებარია სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში", ამ ყველაფრის ფონზე ვაშაძე/ხაბეიშვილის გაერთიანება არასერიოზულად გამოიყურება და მას, არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

ერთობა ჩამოყალიბებულია, თუმცა, მოძრაობას თანამოაზრეები ჯერ არ ჰყავს. გიორგი გახარიას პარტია, "ლელო", "გირჩი", პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, დროა და ზურაბ ჯაფარიძის გირჩი წინასაარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას გამორიცხავენ. ყველა ფიქრობს, რომ მსგავსი პლატფორმა გამარჯვების შანსს 2024 წლის არჩევნებში ამცირებს.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ წარსულშიც არაერთხელ უნახავთ ოპოზიციის ერთობა, რომელსაც არანაირი გავლენა არჩევნების შედეგზე არ ჰქონია. შესაბამისად, მათი პროგნოზით, ეს პლატფორმაც ბრძოლას უშედეგოდ დაასრულებს. სახელისუფლებო გუნდი თვლის, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" რეალურად არც არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობისგან გამოყოფილი და ახლა, უბრალოდ, ამ პარტიას ოფიციალურად უბრუნდება. გიორგი ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მანდატების მოპოვების სურვილით ხსნის.

ვინ შეუერთდება გამარჯვების პლატფორმას უცნობია, გაუგებარია ჯერ ის სტრატეგიაც, რომლითაც მოძრაობა არჩევნებში სახელისუფლებო გუნდის დამარცხებას აპირებს.

 

 

დღის ამბები