15 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე დავით არახამიაზე: თუ ის ამაყობს ქართული წარმომავლობით და ფესვებით, როგორც მინიმუმ უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა არცერთ ქართველს მოუგია ისტორიაში და ვერც არახამია მოიგებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას პოზიციაზე, გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ხოლო ევროპის ქვეყნების პარლამენტარებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებს.

თალაკვაძის განცხადებით, დავით არახამიას განცხადებები აცდენილია სიმართლეს და რეალობას. მისივე თქმით, არახამიაც იმ ხაზის ნაწილია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს.

"ბატონი არახამიას განცხადებები და რიტორიკა ყველაფერს არის აცილებული. მე არ ვფიქრობ, რომ ის ამ შემთხვევაში უკრაინას და უკრაინელ ხალხს წარმოადგენს. ის აცილებულია ამ შემთხვევაში სიმართლეს და რეალობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ არახამიაც არის იმ ხაზის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს. არ არის გამორიცხული, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, რომ ის არის აქაური დასუსტებული ოპოზიციის უფროსი კოორდინატორიც, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ არ ვაპირებთ ამის გარჩევებს უკრაინის ხელისუფლებასთან, სანამ უკრაინა უმძიმეს ომშია და იცავს საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას. პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ვდგავართ უკრაინის დასახმარებლად, თორემ, თუ ის ამაყობს ქართული წარმომავლობით და ქართული ფესვებით, როგორც მინიმუმ უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა და დაპირისპირება არცერთ ქართველს მოუგია ისტორიაში და რა თქმა უნდა ვერც არახამია მოიგებს. აქედან გამომდინარე, სანამ ომია, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას ვუსურვოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ და დაბრუნდეს მშვიდობიანი დღეები უკრაინაში, დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ ძალიან მალე. ისტორია ამ წონასწორობას დაადგენს და ყველა ვინ რას და როგორ აკეთებდა ამასაც ისტორია შეაფასებს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები