მედიკამენტ "ვოსორიტიდთან" დაკავშირებით მოსაზრებების გამოხატვისთვის იშვიათი დაავადებების საბჭოს წევრებს ვადა დღის ბოლოს ეწურებათ. აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან მიმართებით განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პროექტი დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროტოკოლისთვის გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს მიმდინარე თვის დასაწყისში გაეგზავნა.
"საბჭოს განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა - ამდენად, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე,"- ნათქვამია განცხადებაში. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.
პროტოკოლი, მინისტრის ბრძანებით, საბჭოს წევრების წერილობითი დასტურის შემდეგ დამტკიცდება.