პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ FARA-ს დოკუმენტებით დასტურდება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო წარმოებული კაპანია ქვეყნის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, კამპანიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ მასში საერთაშორისო კამპანიებისა და საელჩოების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
"ეს დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო წარმოებული კამპანია მთლიანად არის სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი დისკრედიტაციისთვის მიმართული კამპანია. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ კამპანიასთან, რომელშიც ჩართულნი არიან სხვადასხვა თანამდებობის პირებიც და ლობისტები, რაც არ გამორიცხავს არც საერთაშორისო ინსტიტუტების თანამშრომლების მონაწილეობას, არც საელჩოების თანამშრომლების მონაწილეობას. ლობიზმი უცხო არ არის ევროპარლამენტისთვის, ეს ყოველთვის ხდებოდა და ხდება, თუმცა ამ დოზით რეზოლუციების შედგენა, მიღება და ამ დონის დეზინფორმაციის რეზოლუციებად ქცევა სიმართლე გითხრათ, მე არც მინახავს, ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს FARA-ს დოკუმენტების იმ ნაწილზე, რომელიც, მისი თქმით, ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაქირავებული ლობისტური კომპანიები ქვეყნის დასანქცირებაზე მუშაობდნენ.
"ეს არ იყო მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის მისია, მთლიანად ეს პროცესი ძალიან აზიანებდა ქვეყნის რეპუტაციას. ძალიან მძიმედ აღსაქმელია, რომ ამ პროცესში უამრავი, მათ შორის, ევროპარლამენტარი, რომელიც ვიღაცის შექმნილ და მოდრაფტულ რეზოლუციებს უყრის კენჭს, პრეზიდენტი, რომელთანაც ლობირებენ სააკაშვილის შეწყალებას, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები თუ ნებისმიერი სხვა ადამიანები მონაწილეობენ, ეს თავისთავად, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, არ არის დასჯადი, თუმცა ძალიან კარგ წარმოდგენას გვაძლევს იმ პროცესებზე, რომელიც კადრს მიღმა და ჩრდილქვეშ იმართება. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პირდაპირ აზიანებდა ქვეყანას და ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის დასანქცირებაზე მიდიოდა მუშაობა, რომელიც ასევე გასაჯაროვდა ამ დოკუმენტებით,"-აცხადებს ნინო წილოსანი.
FARA-ს დოკუმენტები და მიხეილ სააკაშვილი ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა რომ ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გასათავისუფლებლად დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ლობისტური კამპანია მიმდინარეობდა. მათივე განცხადებით, დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი ეხმარებოდა ლობისტებს. საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრების ორგანიზებაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით.
ავტორი: ანა ბუავა.