საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გიორგი ვაშაძე, პარტიაში ლიდერის დეფიციტის გამო დაიმატა.
ხვიჩიას თქმით, ბარიერის გადასალახად "გირჩი" არავისთან შეკავშირებას არ აპირებს.
"მე როგორც ვაკვირდები, ლიდერთა დეფიციტის გამო დაიმატეს ბატონი გიორგი ვაშაძე, ყოველ შემთხვევაში, არსებული ლიდერები არ იყვნენ საკმარისი იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ისე წარმოედგინა თავი, როგორც მიაჩნდა, ამიტომ განხორციელდა ლიდერის ტრანსფერი სხვა პარტიიდან. რამდენად წარმატებული იქნება ასეთი ტრანსფერი - აქამდე არ იყო წარმატებული, ზოგადად, მაგრამ ხომ უნდა სცადო კიდევ ერთხელ, რომ რამე გამოვიდეს. ჩვენ არავისთან შევკავშირდებით ბარიერის გადასალახად", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მათი პარტია არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან განსაკუთრებით კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას არ აპირებს.
"არ მინდა ახლა ამ სიღრმეებში წავიდე, მე არ მჯერა რომ ის არის "ოცნების" დამარცხების ფორმულა. არც ერთ პარტიასთან და განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობასთან" არავითარი გაერთიანება არ იქნება", - განაცხადა დაუშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განმარტებით, ყველამ სადაც უნდა იპოვოს ადგილი. მისი თქმით, ის იქნება იქ სადაც დიდი პოლიტიკური გაერთიანება შედგება.
"პარტია, რომელიც არ იქნება რომელიმე მსხვილ ბლოკში და რომელსაც აქვს გარკვეული რეიტინგი, ის პარტია იქნება უპასუხისმგებლო. ყველამ სადღაც უნდა იპოვოს ადგილი. ვიქნები იქ სადაც იქნება დიდი პოლიტიკური გაერთიანება და ეს არ იქნება ერთი რომელიმე პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ. გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", უნდა იყოს დიდი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც მე ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც დრეს პარლამენტში არიან აქტიურები. შეიძლება იყოს "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.