გიორგი მარგველაშვილი FARA-ს დოკუმენტებში - აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო. უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული კომპანიების აქტივობებზე საუბრისას ნახსენებია ერთ-ერთი მედიაკომპანიის საქმიანობა. ამ მედიაკომპანიას ევალებოდა გაევრცელებინა პრესრელიზები, სადაც აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ "საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა". ამ საქმიანობაში აღნიშნული მედიაკომპანიისთვის გადახდილი თანხა შეადგენს 11 550 დოლარს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დავით კირკიტაძეს ეჭვი ეპარება დოკუმენტების ნამდვილობაში და არ გამორიცხავს, რომ ის "ქართული ოცნების" მიერ იყოს გაყალბებული.
"არა მგონია ეს ასე იყოს და სიმართლეს შეეფერებოდეს. ჩვენ მიჩვეულნი ვართ "ქართული ოცნებისგან", ამ ხელისუფლებისგან არაერთ ტყუილს და არ გამოვრიცხავ, რომ ამასთან გვქონდეს საქმე. დოკუმენტებს კი არა, აყალბებენ თვალსა და ხელს შუა ამ ქვეყნის ისტორიას და რა პრობლემაა დოკუმენტის გაყალბება?! მე ვერ გეტყვით ვერაფერს, უბრალოდ "ქართული ოცნების" ხასიათის და მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის დოკუმენტი, რაზეც მესაუბრებით, სიმართლეა,"- აცხადებს დავით კირკიტაძე.
ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ პაატა მანჯგალაძესაც.
"არ მინახავს მასალა, ვერ გავაკეთებ კომენტარს. გიორგი მარგველაშვილის პატრიოტიზმში მე ეჭვი არ მეპარება და ის, რომ ადამიანი დადგეს საქართველოს სადარაჯოზე, არ მგონია, ამაში თანხას იღებდეს,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი: ანა ბუავა