"გამარჯვების პლატფორმის" პირველივე შეხვედრა უთანხმოების მიზეზი გახდა- თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე გოგა ონიანმა და ფრაქციის წევრმა, ზვიად კუპრავამ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს საჯაროდ უსაყვედურეს- მიზეზი გახდა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა“ და "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე, პარტიის ყველა წევრი არ იყო მიწვეული. შენიშვნა არ მიუღია ლევან ხაბეიშვილს.
ზვიად კუპრავას განცხადებით, საჭიროა შემდეგი კონფერენცია სრული შემადგენლობით ჩატარდეს, რათა მსგავსი ტიპის კონფერენციებს სრული ლეგიტიმაცია ჰქონდეს.
"600-კაციან წარმომადგენლობაში უმრავლესობა ძალიან დიდი, აქ არ ესწრება სხვადასხვა მიზეზების გამო. ზოგს რაღაც უხერხულობა აქვს, ზოგმა არ იცოდა, ზოგმა ჩემგან გაიგო. საკრებულოში ვართ 12 ადამიანი და აქედან 7 ადამიანი რომ არ ესწრება, ეს პრობლემაა.
შემდეგი კონფერენცია ჩატარდეს სრული შემადგენლობით, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციებს უკვე ჰქონდეს სრული ლეგიტიმაცია", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ონიანის თქმით, კონფერენციის შესახებ ის პირები გაფრთხილებულები არ იყვნენ, ვინც არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდა მხარს.
"პირები, რომლებიც თავის დროზე, ნიკა მელიას არჩევნებში უჭერდნენ მხარს, ამ ადამიანების დიდი ნაწილი მოწვეული არ იყო. საკრებულოს საერთო ჩატი არ არსებობს, არსებობს რაიონული ჩატები და კონკრეტული ადამიანები არ იყვნენ გაფრთხილებულები. არ გელაპარაკებით თბილისის საკრებულოზე, ეს ცალკე პრობლემაა. მოდერატორი უნდა იყო მაშინ, როდესაც ადამიანი ცდილობს გაიგოს პრობლემის არსი, არ იცის. როდესაც კომუნიკაცია ამ დონემდე დადის და მე მეუბნება, რომ შენ შემახვედრე - მე ვის უნდა შევახვედრო, ადამიანებს, რომლებიც მის გადაწყვეტილებით დროზე ადრე გაყარეს პოლიტსაბჭოდან? "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს მართალი, პირველ რიგში მის უახლოეს აქტივთან, თუ ამას არ ვიტყვით და ამას არ გამოვასწორებთ, ვერანაირი გამარჯვება ვერ იქნება", - განაცხადა გიორგი ონიანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მაია კალანდიას განცხადებით, ის წინააღმდეგია იმ უმსგავსობის, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ახორციელებს და რომელსაც შეუერთდა გიორგი ვაშაძე.
"იმ უმსგავსობის მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ, რომელსაც აგრძელებს ლევან ხაბეიშვილი და რომელსაც დაემატა გიორგი ვაშაძე. მაია კალანდიას პოზიციონირება, მათზე უფრო ძვირფასია მიუხედავად ჩემი თავმდაბლობისა. თურმე ჩემთვის კარი ღიაა, რომ იქ მივიდე. მე ასეთი ღიაობა არ ვიცი რას ნიშნავს", - განაცხადა მაია კალანდიამ.