15 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
გამარჯვების პლატფორმა თუ ალტერნატიული ცენტრი - როგორი იქნება ოპოზიციის კონფიგურაცია წინასაარჩევნოდ

"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით დაპირისპირება რომ არსად წასულა, ეს ახალი პლატფორმის პირველივე კონფერენციამ აჩვენა. საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე, გოგა ონიანმა და ზვიად კუპრავამ პარტიის თავმჯდომარეს საჯაროდ უსაყვედურეს - როგორც აღმოჩნდა, ღონისძიება არასრული შემადგენლობით ჩატარდა. მას საკრებულოს ყველა წევრი არ ესწრებოდა, მათ შორის არც დედაქალაქიდან და არც მუნიციპალიტეტებიდან. ირკვევა, რომ გამოტოვეს ისინი, ვინც ნიკა მელიას ფლანგში არიან.

ხაბეიშვილი კი ამტკიცებს, რომ კონფერენციის შესახებ ყველამ იცოდა. ამბობს, რომ კომუნიკაციის პრობლემა არავისთან აქვს, თუმცა იმავდროულად პრეტენზიების ავტორებს პარტიის სხვა წევრებთან შუამდგომლობას სთავაზობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეც და "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერიც ერთ ხმაში ამბობენ, რომ პლატფორმის კარი ისევ ღიაა ცალკეული ინდივიდებისთვის, რომელთა შორის შესაძლოა იყოს გიორგი მარგველაშვილიც. გაერთიანების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მათთვის კარგი შენაძენი იქნება.

გიორგი ვაშაძისგან განსხვავებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაბრუნებას არ აპირებენ ამ პარტიიდან სულ ცოტა ხნის წინ წასულები. ასეთია მაგალითად რომან გოცირიძე, რომელსაც საკუთარი ადგილის პოვნა "ლელოს" დაანონსებულ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრში უფრო წარმოუდგენია.

რა კონფიგურაციას დაალაგებს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ - ეს მმართველი პარტიისთვის საინტერესო არ არის. ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს, გამარჯვების რესურსი არ აქვთ.

გამარჯვების პლატფორმა თუ ალტერნატიული ცენტრი? - არც ერთ დაანონსებულ გაერთიანებას არ უთქვამს, როგორი იქნება მათი საბოლოო ფორმა და შინაარსი, თუმცა ფაქტია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიებმა მზადება იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე წინა არჩევნების შემთხვევებში.

 

 

 

დღის ამბები